მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

ლიტვისა და ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურები გავრილოვის ასამბლეას სარისკოდ მიიჩნევენ

Vestnik Kavkaza

ლიტვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ვაიდოტას მაჟეიკა ამბობს, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში პოლიტიკოსების მონაწილეობა სარისკოა. 

"ეს არის საპარლამენტო ფორუმი, რომელიც ჩვენი რწმენით, უცხო ქვეყნის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ჩვენი აზრით, დეპუტატების მიერ ასეთ ფორმატში მონაწილეობის მიღება რისკ-ფაქტორს შეიცავს,"- თქვა მაჟეიკამ.

ამის შესახებ მან 2 ოქტომბერს ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე დახურულ კარს მიღმა კომიტეტის წევრებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

კომიტეტი სეიმის წევრის, ირინა როზოვას, საკითხის ირგვლივ შეიკრიბა. 24 სექტემბერს სეიმზე კენჭი უყარეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტს დაევალა საპარლამენტო გამოძიების ჩატარება, რომელიც რუსეთთან როზოვას შესაძლო კავშირებს გამოიძიებს. გადაწყვეტილება სეიმმა 86 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. 

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირინა როზოვას მიერ საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ხელმძღვანელობით ივნისში ჩატარებულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მიღება, რასაც თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. 

გამოძიების ჩატარებას მიესალმება ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. 

"აუცილებელია ყველა გარემოების სრულად გამოძიება. ჩვენ არ შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, რომ სეიმში სახელმწიფოსადმი არც ისე ლოიალურად განწყობილი ადამიანები იყვნენ,"- თქვა ნაუსედამ.

თავად ირინა როზოვამ BNS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს არ გაუფრთხილებია, მონაწილეობა არ მიეღო თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში. მისივე თქმით, სეიმის საბჭომ მას ნება დართო, დასწრებოდა ამ ფორუმს.

ლიტვა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც გავრილოვის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ ასამბლეას სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ სარისკოდ მიიჩნევს. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ანგარიშში "საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2019" წერს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა კრემლის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. დაზვერვის სამსახური ამ ასამბლეას "მართლმადიდებლური პროპაგანდის" საშუალებად მოიხსენიებს და წერს, რომ ასამბლეა, ისევე, როგორც მისი ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი, რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულები. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმი თბილისი 18-23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ის ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, ინიციატივით იმართებოდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

როტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ხილვას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოხდა. 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და მოგვიანებით წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგა. პროტესტის ფონზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის, ირაკლი კობახიძეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დათმობა მოუწიათ. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები