რუსეთი - ირანი

პუტინი: არ არსებობს მტკიცებულება, რომ საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანი მონაწილეობდა

ვლადიმერ პუტინი
Twitter

2 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ენერგეტიკის კონფერენციაზე თქვა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რაც საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანის პასუხისმგებლობას გამოკვეთდა.

პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის როლის დასადასტურებლად არცერთი მტკიცებულება წარმოუდგენია.

კონფერენციაზე პუტინის განცხადებით, საფრანგეთმა აშშ-ისა და ირანის ლიდერებს შორის შეხვედრის გამართვა სცადა, თუმცა შეხვედრა იმიტომ ჩაიშალა, რომ ირანს თავდაპირველად სურს, რომ ვაშინგტონმა სანქციები მოხსნას.

მედიში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ემანუელ მაკრონი ტრამპსა და როუჰანის შორის სატელეფონო საუბრის გამართვას შეეცადა. ტრამპი ამას დათანხმდა, თუმცა სანქციების მოხსნას არ აპირებდა. რუჰანი მაკრონთან შეხვედრას არ დათანხმდა და აშშ-ისა და ირანის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა. აშშ საუდის არაბეთის თავდაცვის გასაძლიერებლად ჯარსაც გააგზავნის.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე, ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის სპონსორი ირანი იყო.

საუდის არაბეთში თავდასხმის დროს გამოყენებული დრონების და რაკეტების ნაწილები აღადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ირანში იყო დამზადებული.

თავდასხმაში 18 ამგვარი დრონი და 7 საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს. 

ალ-მალიკის თქმით, თავდასხმა იემენიდან ვერ წამოვიდოდა და ჰუსიტი ამბოხებულები ირანის ქმედებებს მალავდნენ.

საუდის არაბეთში თავდასხმის დროს გამოყენებული დრონების და რაკეტების ნაწილები აღადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ირანში იყო დამზადებული.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან. ისინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც დაემუქრნენ ​თავდასხმით.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები