ჯარიმების ზრდა

სამედიცინო ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით ჯარიმები იზრდება

კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის დროს მსგავსი ფაქტები გამოავლინა. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც არის და ჯარიმდებიან, თუმცა აქაც გვინდა გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, თუ აქამდე ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ის 5 000 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, თუ იურიდიული პირი აქამდე ჯარიმდებოდა 1 000 ლარით და ახლა 10 000 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები