ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება

"აშშ მიესალმება შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის გამართულ შეხვედრას", - წერს ტვიტერზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი.

მისივე თქმით, აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს არაალეგალური ოპკუპაციის შეწყვეტისკენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს არალეგალური ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ", - წერია მორგან ორტაგუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ ლავროვთან შეხვედრამდე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიარა. 

"გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგოამრეობასთან,"- ამბობს ზალკალიანი. 

რუსული გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანი და ლავროვი ერთმანეთს ქართული მხარის მოთხოვნით შეხვდნენ. 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები