დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ მამალაძის ძმა: თუ არ შეიწყალებენ, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გავასაჯაროვებ

ტვ. პირველი

ციანიდის საქმეზე გასამართლებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქოს არ სურს გასაჯაროვდეს ის ინფორმაციები, რომელსაც დეკანოზი ფლობს და სწორედ ამიტომ არ იწყალებენ მას. 

თორნიკე მამალაძის თქმით, თუ მის ძმას არ შეიწყალებენ, ამ ინფორმაციებს თავად გაასაჯაროვებს

"პირადად პატრიარქს ერთ-ერთმა დეკანოზმა უთხრა, რომ თუკი დეკანოზი დატოვებს საპატიმროს, ის ამ თემებზე ღიად საუბარს აპირებსო, რის შემდეგაც გადაწყდა ჩემი ძმის დასჯა და საპყრობილეში დატოვება. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ინფორმაციებს მეც ვფლობ და აუცილებლად ვაპირებ ამაზე საუბარს"- ამბობს მამალაძე. 

თორნიკე მამალაძეს სურს, რომ საპატრიარქომ წმინდა სინოდზე დაიბაროს, რათა საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ის საჯარო განცხადებას გააკეთებს. 

"ამ ორმა ადამიანმა, პატრიარქმა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს რომ ჩემი ძმა საპყრობილეში დატოვონ. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის იმედი არ მაქვს რომ გაათავისუფლებს"- აღნიშნა დეკანოზის ძმამ. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს, თორნიკე მამალაძემ პროტესტის ნიშნად,პარლამენტის წინ კარავი გაშალა. მისი თქმით, დეკანოზი უდანაშაულოა და ამას პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც მოწმობს, "რომ მან რამდენიმე მკვლელი შეიწყალა და უდანაშაულო ადამიანი საპყრობილეში დატოვა".

მისივე თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. ის დღემდე პარალიზებულია და აგრძელებს ციხის საავადმყოფოში მკურნალობას. მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

გიორგი მამალაძის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მარტში მიმართა. იქამდე, თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა და ითხოვდა, რომ პატრიარქ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია". რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები