საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი ტურიზმისთვის გახსნის პარალელურად სამეფოში ქცევის წესებს აქვეყნებს

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 49 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეცვლის და ტურისტებისათვის ქვეყნის გახსნის პარალელურად საჯარო სივრცეებში 19 წესის დარღვევის გამო ჯარიმები დაწესდება.

ამ წესებს შორისაა დანაგვიანება, გადაფურთხება, რიგის დარღვევა, ხალხისათვის ნებართვის გარეშე ფოტოების და ვიდეოების გადაღება, მუსიკის ჩართვა ლოცვის დროს და გამომწვევად ჩაცმა. ჯარიმის ოდენობა 50 რიალიდან ($13) 6,000 რიალამდე ($1.600) მერყეობს.

"რეგულაციების მიზანია სამეფოს ვიზიტორებმა და ტურისტებმა იცოდნენ საჯარო ქცევასთან დაკავშირებული წესები და მას დაემორჩილონ." ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რეგულაციები სავიზო აპლიკაციებთან ერთად გამოქვეყნდება.

ამ დრომდე სამეფოს ვიზიტორების უმეტესობა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით ან მუსლიმების წმინდა ქალაქების, მექას და მედინას მოსალოცად ჩადიოდა.

საუდის არაბეთში ალკოჰოლი კვლავ არალეგალური იქნება. ასევე უცნობია ექნებათ თუ არა სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრების უფლება დაუქორწინებელ უცხოელ ქალსა და მამაკაცს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო. მათ შორის ქალებს მიეცათ მანქანის მართვის და ოჯახთან ერთად სტადიონებზე დასწრების უფლება. ასევე გაიხსნა კინოთეატრები.

სამოფოში რესტორნებისა და კაფეების ნაწილში მოხსნეს ქალებისა და კაცების განყოფილებებს შორის არსებული ბარიერებიც, ნაწილი კი მომხმარებლებს ლოცვის დროსაც ემსახურება.

მუჰამედ ბინ სალმანმა ისიც თქვა, რომ თუ ქალს მოკრძალებულად აცვია არ არის აუცილებელი თავსაბურავი და აბაია ატაროს.

მიუხედავად რეფორმებისა სამეფოში გრძელდება ადამიანის უფლებათა აქტივისტების დაკავება, მათ შორის იმ აქტივისტების, რომლებიც ქალების უფლებებისათვის იბრძვიან. მუჰამედ ბინ სალმანის იმიჯი განსაკუთრებით შეილახა თურქეთში სამეფოს საელჩოში საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ.

კომენტარები