უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

წულუკიანი: ქვეყანაში დემოკრატიის საფრთხე, როგორც ასეთი, არ არსებობს - განვითარების პროცესია

ტაბულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ანგარიშს ეხმაურება.

ჟურნალისტმა თეა წულუკიანს ჰკითხა, უქმნის თუ არა საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს საერთაშორისო დამკვირვებლების ამგვარი შეფასება.

"ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისთვის საფრთხე, როგორც ასეთი, არ არსებობს. მაგრამ არსებობს განვითარების პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველა, ვიქნებით მთავრობის წარმომადგენლები თუ მოქალაქეები, სხვადასხვა სექტორში მომუშავენი, ხელი უნდა შევუწყოთ, რადგან ინსტიტუციური დემოკრატია არ შენდება 24 საათში და 10 წელიწადში. ეს არის პროცესი. ამ მშენებლობის გზაზე გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ის, რომ საქართველოში არაერთი რეფორმა ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში, ამ რეფორმების შედეგი არის ხელშესახები. ეს შედეგები არის პოზიტიური, მაგრამ გამოწვევა, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ პოზიტიური შედეგები შევინარჩუნოთ, რეფორმები გავაგრძელოთ და მივაღწიოთ იმას, რაც თქვენ თქვენც, ჩვენც და თითოეულ ჩვენგანს გვინდა - კომპეტენტური მოსამართლეები. კომპეტენციის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს არამხოლოდ მოქმედ მოსამართლეებში, არამედ იმ კანდიდატებში, ვისაც შეიძლება მომავალში სურდეს მოსამართლეობა, როგორც კვალიფიციურები, ისე ნაკლებად კვალიფიციურები. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცესი და არა ის, რომ უცბად მოვინდომოთ საბოლოო შედეგები", - თქვა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლაცეანი და კლოდ კერნი ვიზიტის შემდეგ იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გამოვლინდა. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ფორმაზე, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გადაგზავნილი კანდიდატების სია შეადგინა. გარდა ამისა, საუბარია შერჩევის ერთიანი და მკაფიო კრიტერიუმების არარსებობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შერჩეული კანდიდატებისთვის გადაჭარბებული დისკრეციული უფლების მინიჭებაზე. თანამომხსენებლების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი წარდგენილ კანდიდატებზე. მათივე განცხადებით, არსებობდა კითხვები კანდიდატთა კვალიფიკაციისა და ინტერესთა აშკარა კონფლიქტის ბრალდებათა საკითხზე.

კომენტარები