სესხების ჩამოწერა

TBC-ის დამფუძნებლების თქმით, წინასაარჩევნოდ შავ სიაში შესული სესხების განულება აიძულეს

TBC ბანკის დამფუძნებელი, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ბანკებს სესხების ჩამოწერა აიძულეს.

"როცა 120 მილიონს ცვლი სამ მილიონში და პრაქტიკულად ამას გაიძულებენ, და ეს გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიმე ფონდი" - ამბობს ხაზარაძე.

ბანკის კიდევ ერთი დამფუნებლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, "იმ პერიოდს წინ ახლდა ბანკების წინააღმდეგ კამპანია და ეს ალბათ ემსახურებოდა წინასაარჩევნო განწყობებზე ზემოქმედებას, ეს არ იყო ის გარიგება, რომელიც იყო სარგებლიანი ბანკებისთვის".

TBC ბანკის დამფუძნებლებმა მაშინ ეროვნულ ბანკს კითხვით მიმართეს, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ. ისინი ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული პროცესში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებებს განულებას დაპირდა. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით - ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მაშინ ამტკიცებდა, რომ დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის 2018 წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ვალების ჩამოწერის პროგრამა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმების ყიდვად შეაფასეს.

კომენტარები