აშშ

კლინტონი ტრამპზე: პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანას უღალატა, მე მხარს ვუჭერ იმპიჩმენტს

midnightsunak.com

დემოკრატიული პარტიის ერთერთი ლიდერი ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომლის ტრანსკრიპტიც ტრამპმა საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე გამოაქვეყნა

კლინტონმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. 

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანას უღალატა. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის სასტიკი რეალობა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ის ცხადი და ამწუთიერი საფრთხეა იმ ყველაფრისა, რაც ჩვენი სიძლიერისა და თავისუფლების გარანტია. მე მხარს ვუჭერ იმპიჩმენტს,"- წერს ჰილარი კლინტონი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ის ზელენსკის დემოკრატი ჯო ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ტრანსკრიპტიდან არ ჩანს ის, რომ ტრამპი ზელენსკის გარიგებას სთავაზობს, თუმცა, სანამ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს, ეუბნება, რომ აშშ უკრაინას "ძალიან, ძალიან კარგად" ექცეოდა. 

"ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ბაიდენი ტრაბახობდა აქეთ-იქით, რომ მან გამოძიება შეაჩერა, ასე რომ, თუ შეგიძლია, გადახედო... ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს".

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სამშაბათს, 24 სექტემბერს ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოეძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები