მზია ამაღლობელი

ქარტია: ბათუმელების გამომცემლის მიმართ შსს-ს ქმედებებს მედიაზე ზეწოლად მივიჩნევთ

მზია ამაღლობელი
მთავარი არხი

საქართველოს ჟუნრალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეტის" გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ნათესავების დაკავებასა და მისი სახლის ჩხრეკას.

ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხსენებული ზეწოლა საგანგაშოა:

"ბათუმელები, რომლის გამოცემაა ასევე ნეტგაზეთი, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას" - აცხადებენ ქარტიაში.

ქარტია მთავარ პროკურატურას გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს, ამასთან მიმართავს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს გაუწიონ საქმეს ეფექტური მონიტორინგი.

16 სექტემბერს ბათუმში მზია ამაღლობელის ნათესავებსა და შსს-ს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანს როინ კოჩალიძეს შორის ინციდენტი მოხდა. ამაღლობელის ოჯახის ხუთი წევრი კოჩალიძეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულები ამბობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელმა მათ აგინა, იარაღი მიაბჯინა და ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ პოლიციელი როინ კოჩალიძე ხსენებულ პირებთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მას თავს დაესხნენ.

დაწვრილებით საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

გამოძიება თავდაპირველად ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი კვალიფიკაცია პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დამძიმდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ქონდა.

ამასთან, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ერთერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით, მზია ამაღლობელის სახლი გაუფრთხილებლად გაჩხრიკეს.

21 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები