ძლიერი ქარი

საგანგებო: ქარის სიმძლავრე იკლებს, შეტყობინებების ინტენსივობა შემცირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში ძლიერი ქარის გამო მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, 21:00 საათისთვის 270 შეტყობინება მიიღეს, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ.

სამსახურში ამბობენ, რომ სამაშველო ჯგუფები ყველა შემთხვევაზე გავიდნენ.

ასევე, დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. კაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, შეტყობინებები შევიდა რუსთავიდან, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, დაშავებული არავინაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შესულა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქარის სიმძლავრის კლების ტენდენციაა, შეტყობინებების მიღების ინტენსივობა შემცირებულია.

კომენტარები