რუსეთი

მოსკოვში აქციაზე მსახიობის დაკავებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აპროტესტებენ

RFE

18 სექტემბერს მოსკოვში აქციაზე დაკავებული მსახიობის პაველ უსტინოვის მხარდასაჭერად მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. 

უსტინოვს 3 აგვისტოს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. უსტინოვის თქმით, ის უდანაშაულოა.

ასობით ადამიანი პაველ უსტინოვის მხარდასაჭერად მდუმარე "სოლიდარობის პიკეტს" მართავს. 

გუშინ, 17 სექტემბერს სხვადასხვა რუსმა მსახიობმა და მომღერალმა უსტინოვის მხარდასაჭერად ონლაინ კამპანია წამოიწყო - მათ უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები გადაიღეს, სადაც ამბობენ, რომ მისი განაჩენი უსამართლოა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში ყოფნას არ იმსახურებდა. ფლეშმობი მსახიობმა ალექსანდერ პალმა დაიწყო და სხვებსაც მოუწოდა შეერთებისკენ.

სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი მხარდასაჭერი ბანერი "მე, ჩვენ ვართ პაველ უსტინოვი". ამგვარი ბანერი პირველად ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად შექმნეს. 

Open Media-ს ინფორმაციით, უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები ჯამში მსახიობების Instagram გვერდის 16 მილიონმა ადამიანმა იხილა. 

16 სექტემბერს პაველ უსტინოვს 3 აგვისტოს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მოსკოვის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სამართალდამცავის თქმით, დაკავების დროს უსტინოვმა დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში მას "მარცხენა მხრის სახსრის დახურული დისლოკაცია" დაუდგინეს.

თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული ჩუმადაა და არც შეურაცხმყოგელ ლოზუნგებს ყვირის.

უსტინოვის თქმით, ის აქციაში არ მონაწილეობდა და პუშკინის მოედანზე საქმიანი შეხვედრისთვის მივიდა. მისი თქმით, როდესაც დაიწყეს მისი დაკავება, მან უკან დაიხია, ამასთან, ორივე ხელი ტელეფონითა და ყურსასმენით ჰქონდა დაკავებული.

მოსამართლემ კრივორუჩკომ უარი თქვა დავაკების კადრების დამატებაზე, რადგან, პროკურატურის თქმით, ვიდეოში ყველაფერი საკმარისად გარკვევით ჩანდა. აგრეთვე, მოსამართლეს თქმით, ლაიგინის ჩვენება საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ უსტინოვი დამნაშავედ იქნას ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. ფართომასშტაბიანი სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე 11 ივნისს შეწყდა - ოფიციალური მიზეზი საკმარისი სამხილების არარსებობაა.

კომენტარები