აშშ-ირანი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-სთან მოლაპარაკებები გამორიცხა

აიათოლა ალი ხამენეი
Getty Images

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-სთან რაიმე დონეზე მოლაპარაკებების წარმოება გამორიცხა.

"თუ ამერიკა უკან წაიღებს თავის სიტყვებს, მოინანიებს და დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც დაარღვია, მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ირანთან შეთანხმების შეხვედრებსა და ხელმოწერაში. სხვაგვარად, არც ერთ დონეზე არავითარი მოლაპარაკებები არ შედგება აშშ-ის და ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს შორის, არც ნიუ იორკში და არც სხვაგან." თქვა მან.

მისი კომენტარი ვარაუდებს მოჰყვა მომავალ კვირას ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე.

შეხვედრაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრი სახლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა დატოვა, რომელიც გამოირჩეოდა ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მხარდაჭერით.

შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანს შეთანხმება სურს და შესაძლოა ეს გამოვიდეს.

თუმცა, საკუთარ ტვიტერზე მან დაწერა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად არის ირანთან მოლაპარაკებები წინასწარი პირობების გარეშე აწარმოოს მცდარია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გასულ კვირას საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ-მა წარმოადგინა სატელიტური სურათები, რომლებიც, მათი თქმით აჩვენებს, რომ თავდასხმა არა ჰუსიტების მიერ იემენში კონტროლირებადი ტერიტორიიდან, არამედ ირანის ან ერაყის ტერიტორიიდან მოხდა.

ირანი ბრალდებებს უარყოფს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ირანს ადანაშაულებს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები