აქცია ამერიკის საელჩოსთან

ბოკერია: აშშ-ის საელჩოსთან არ იყო პატრიოტთა ალიანსის აქცია, ეს იყო ქართული ოცნების აქცია

პარლამენტი

"ეს არ იყო პატრიოტთა ალიანსის აქცია, ეს იყო ქართული ოცნების აქცია," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკის საელჩოსთან პარტიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. ბოკერია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილის გუნდის ერთერთი ფრაქციაა.

"ოცნება და პატრიოტთა ალიანსი არიან ერთ სულ და ერთ ხორც. თავისთავად თავისუფალ ქვეყანაში, ან ნახევრად თავისუფალ ქვეყანაში, საქართველო ჯერ არ არის ბოლომდე ტოტალიტარული და არც მივაყვანინებთ ივანიშვილს აქამდე საქმეს, შემდეგ არჩევნებზე ის დამარცხდება, ასეთ ქვეყნებში არსებობენ ყველანაირი მარგინალური ჯგუფები, მათ შორის სამარცხვინო ჯგუფები, ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები, მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ ყველას, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეს მარგინალური ჯგუფი კი არ არის, ეს არის საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის გუნდის ერთერთი ფრაქცია არის პატრიოტთა ალიანსი, ეს არის დამანგრეველი. ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა ამ კაცის და მისი გუნდის მთლიანად, პატრიოტთა ალიანსი და ოცნება ერთია, ჩამოშორება ხელისუფლებიდან," - ამბობს ბოკერია. 

გუშინ, 15 სექტემბერს, პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც პარტიის ლიდერებმა თქვეს, მათ სურთ ამერიკელ პარტნიორებს უთხრან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია.

აქციაზე ბევრჯერ გაისმა ანტიდასავლური, ანტიამერიკული მესიჯები. 

"პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და აფხაზეთთან", "არავითარი ნატო- გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობაა", "საქართველო არ იქნება ამერიკის კოლონია", "ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტები"- თქვეს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა. 

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც ინაშვილმა თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ "გიგა ბოკერიამწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი".შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კომენტარები