აქცია სირცხვილია

მაქარაშვილი: დღეიდან ათიათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან ჩაერთვება დიდ მოძრაობაში

ტაბულა

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა, ზუგდიდში გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩაერთვებიან. "სირცხვილიას" წევრებმა აქცია მერიის წინ გამართეს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა, გამოწვევა იმისა, რომ მას თუ არ აინტერესებს ჩვენი პროტესტი, ჩვენი ხმა და აზრი, ჩვენც ვიქნებით მის წინააღმდეგ რადიკალურები. არა მარტო ეს ხალხი, კიდევ ბევრი, ათასობით ადამიანი, უკვე დღეიდან და განსაკუთრებით 20 სექტემბრიდან, სხვადასხვა ქალაქიდან ჩაერთვება ერთ დიდ მოძრაობაში,"-თქვა მაქარაშვილმა. 

გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი ერთიანი ძალებით შეუტევენ რეჟიმს და 2020 წელს დაამარცხებენ. 

"ალბათ მოძრაობას "სირცხვილიას" გაგრძელების მოძრაობა ერქმევა. ჩვენ ბევრი ფლანგიდან შევუტევთ რეჟიმს და 2020 წელს აუცილებლად დავამარცხებთ არჩევნების გზით,"-თქვა გიგა მაქარშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.  

მაქარაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციებს რეგიონებშიც გამართავს.  

გახარიას ძალოვანი უწყებიდან გადადგომას მოქალაქეები 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გახარია მთავრობის მეთაური გახდა. ივანიშვილმა თქვა, რომ "გახარიამ ეს დაიმსახურა".

კომენტარები