მამუკა ხაზარაძე

პროკურატურა წერილის საქმეზე: სრულად და ობიექტურად გამოძიება ხაზარაძემ განზრახ შეაყოვნა

საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ ტვ. პირველის ეთერში გახარიას წერილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მათი თქმით, ხაზარაძის განცხადება, რომ პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"არაერთხელ აღინიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის  განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” დაუყონებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი  დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე  სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში,"-წერია განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძემ საქმის გამოძიება განზრახ თავად შეაფერხა. პროკურატურის თქმით, მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი თქვა შუამავლის დასახელებაზე.  

"ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას  არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე. ამის გამო, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები ე.წ. წერილთან დაკავშირებით და გამოკითხოს მოწმეები,"-წერს საქართველოს პროკურატურა.   

მამუკა ხაზარაძემ გახარიას წერილის საქმესთან დაკავშირებით ტვ. პირველის ეთერში გუშინ, 12 სექტემბერს ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წერილის ორიგინალი ვერსია ლონდონიდან ჩამოვიდა, თუმცა, სამი დღეა მას პროკურატურაში არ იბარებენ.

"ჩვენი ინგლისელი ადვოკატები ჩამოსული იყვნენ, ჩამოიტანეს ეს წერილი. მასზე 120-ზე მეტი ანაბეჭდია. ალბათ, აქ იმედი ჰქონდათ, რომ ეს ანაბეჭდები ქრება. ველოდები უკვე სამი დღეა, მედიამ გამოაცხადა, რომ წერილი ჩამოვიდა, ანაბეჭდები არის, ორიგინალი არსებობს. არავინ არ გვეძახის პროკურატურაში,"-თქვა მამუკა ხაზარაძემ ტვ. პირველის ეთერში.   

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმაც, რომელაც მედიას უთხრა, რომ ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი მან შუამავლის საშუალებით მიიღო, ხოლო წერილი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა "ამობეჭდილი იყო და მისი ამობეჭდვა ნებისმიერს შეეძლო".

კომენტარები