2001 წლის 11 სექტემბერი

აშშ გაამჟღავნებს პირის ვინაობას, ვისაც 11 სექტემბრის ტერაქტის ხელშეწყობისთვის უჩივიან

Reuters

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იმ პირის ვინაობას გაამჟღავნებს, ვისაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორების ხელშეწყობისათვის უჩივიან.

გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა დაეხმაროს ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ ტერორისტებთან საუდის არაბეთის კავშირის დამტკიცებას. მათ სასამართლოს 2003 წელს მიმართეს, ხოლო 2016 წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მთავრობისათვის ტერორიზმში მონაწილეობის გამო ჩივილს ამარტივებს.

დაზარალებულები ცდილობდნენ მიეღოთ გამოძიების ფედერალური ბიუროს 2012 წლის ანგარიში, რომელიც ტერაქტრებთან საუდის არაბეთის ორი ოფიციალური პირის, ომარ ალ-ბაიუმის და ფაჰად ალ-სუმაირის კავშირს იძიებდა. ანგარიშში ასევე საუბარი იყო მესამე პირზე, რომელმაც მათ თვითმფრინავის გამტაცებლების დახმარება დაავალა. სწორედ ამ პირის ვინაობის გასაჯაროებას აპირებს იუსტიციის დეპარტამენტი.

საუდის არაბეთის მთავრობა კვლავ უარყოფს 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებთან რაიმე კავშირს.

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ტერაქტმა 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო.

კომენტარები