რუსეთი

რუსეთის 39 ქალაქში პოლიცია ალექსეი ნავალნის შტაბებში მასშტაბურ ჩხრეკას ატარებს

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბებში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

მედუზას ინფორმაციით, რუსეთი პოლიცია, დღეს დილიდან მასშტაბურ ჩხრეკას ატარებს ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ოფისებში და ასევე ამ ორგანიზაციების თანამშრომლების ბინებში.

ნავალნის შტაბის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის "აგორას" ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა facebook-ზე დაწერეს, რომ ჩხრეკა რუსეთის 39 ქალაქში მიმდინარეობს.

"ცხადია, რომ მთელი ამ ოპერაციის მიზანი არის შტაბის სტრუქტურის განადგურება და შტაბის მუშაობის შეფერხება"- წერს ვოლკოვი.

ნავალნის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. 8 აგვისტოს კი ფონდის საბანკო ანგარიშები გაყინა.

გამოძიების ინფორმაციით, ფონდი უცხო პირებისგან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ფინანსდებოდა. საუბარია, 1 მილიარდ რუბლზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბანკომატებისა და ინტერნეტ ბანკების მეშვეობით, ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა.

საქმის ოფიციალურ აღძვრამდე, მოკვლევას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა. სწორედ, აღნიშნული მოკვლევის შედეგად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნავალნის ფონდის წინააღმდეგ.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამომძიებლები ამ დროისთვის არალეგალურ სქემაში ჩართულ პირთა ვინაობას და მათ მიერ მიღებული თანხების მოცულობას აზუსტებს.

ფონდი წლების განმავლობაში ხელისუფლების პირებისა და პოლიტიკოსების კორუფციულ კავშირებსა და სქემებს იკვლევს. სხვადასხვა დროს ფონდმა, რამდენიმე ხმაურიანი მასალა მოამზადა მათ შორის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ქონებაზე. ერთ-ერთი ასეთი გამოძიება შეეხებოდა რუსი ოლიგარქის, ალუმინის მაგნატის ოლეგ დერიპასკასა და ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების გამოძიება.

კომენტარები