ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

kvira.ge

ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კინოაკადემიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც რეჟისორი კინოაკადემიის წევრებს მიმართავს. 

"კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.
არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს.

მინდა, მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს.

და ბოლოს - ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას.
პატივისცემით,
ზაზა ურუშაძე "- წერია მიმართვაში. 

ცნობისთვის, 2 აგვისტოს კინოაკადემიის ყრილობა ხმაურით დასრულდა. აკადემიის წევრების ნაწილს ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარებას სურდა, თუმცა სხდომაზე აკადემიის წევრების არასრული შემადგენლობის გამო, შეკრება ჩაიშალა. 

კომენტარები