ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 500 000 ლარიანი გირაო გადაიხადა

ტვ პირველი

ავთანდილ წერეთლმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 500 000 ლარიანი გირაო გადაიხადა. როგორც ტაბულას ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა, სატელეფონო საუბარში უთხრა, გირაოს საფასური ავთანდილ წერეთლის ოჯახის წევრმა გადაიხადა, კონკრეტულად კი ოჯახის წევრის უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი. ადვოკატის თქმით, ეს უძრავი ქონება არ არის TV პირველის შენობა.

ადვოკატის ცნობით, 10 ოქტობრიდან ავთანდილ წერეთლის საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვები. კახა წერეთლის თქმით, იმედია დამტკიცდება ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის უდანაშაულობა.

ცნობისთვის, 27 აგვსიტოს, სასამართლომ ავთო წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ასევე, 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები