გიორგი გახარიას მოსმენა

კაპანაძე გახარიას: თქვენ, ალბათ, მხოლოდ ივანიშვილის ქართული გესმით

მეორე არხი

პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, რამდენჯერმე ჰკითხა, მას, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბოლო წლების განმავლობაში ახსენდება, თუ არა 20 ივნისის გარდა პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით მასიური ღონისძიებების დროს. 

გახარიამ მას შეკითხვა რამდენჯერმე გაამეორებინა, რადგან მისივე თქმით, კაპანაძის ქართული არ ესმის. 

სერგი კაპანაძე: - ამ ბოლო წლების განმავლობაში პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით რაღაც მასიური ღონისძიებების დროს, სხვა იყო? გახსენდებათ რაიმე მნიშვნელოვანი? გახსენდებათ?

გიორგი გახარია: - ვერ გავიგე, კიდევ ერთხელ

სერგი კაპანაძე: - ვერ გაიგეთ იმიტომ, რომ იყურებით ტელეფონში

გიორგი გახარია: - ხო, ვიყურები

სერგი კაპანაძე: - ხო, ანუ გამოხატავთ უპატივცემულობას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ მაშინ, რადგანაც ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბოლო წლების განმავლობაში იყო, თუ არა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მასიური თავყრილობების დროს ყოფილა ძალა გამოყენებული პოლიციელების წინააღმდეგ?

გიორგი გახარია: - დამიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ.

სერგი კაპანაძე: - სხვა ენაზე გითხრათ?

გიორგი გახარია: - დიახ, რა თქმა უნდა

სერგი კაპანაძე: - სხვა ენაზე გითხრათ? ქართულად ვერ გაიგეთ?

გიორგი გახარია: - დიახ, რა თქმა უნდა, თქვენი ქართული არ მესმის. აბა, ცოტა უფრო კონკრეტულად მითხარით

სერგი კაპანაძე: - თქვენ, ალბათ, ივანიშვილის ქართული გესმით მხოლოდ და ახლა იმ ენაზე ვერ დავიწყებ მეტყველებას.

გახარია 6 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების რეგლამენტის ფარგლებში ევროპულ საქართველოს შეხვდა. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები