20 ივნისის ღამე

"ერთ რეზინის ტყვიას მე გესვრით, ერთი - თქვენ მესროლეთ" - ბობოხიძის შეთავაზება გახარიას

6 სექტემბრის სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ აქციაზე გამოყენებულ ტყვიებს ეწერა "ნაკლებად ლეტალური". საპასუხოდ, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მას ტყვიის ნიმუში მიუტანა და უთხრა, რომ მას არალეტალური აწერია. 

"შეგიძლიათ, სურათების ინტერნეტში ამოღების ნაცვლად, მიბრძანდეთ და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იქ იყო გამოყენებული, ან მიმართოთ მწარმოებელს - იტყუებით", - მიმართა გიორგი გახარიამ დეპუტატს,

მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილს იმ ტყვიების ნიმუში მიუტანა, რაც, მისი მტკიცებით, 20-21 ივნისის აქციაზე გამოიყენეს, ევროპული საქართველოს დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გიორგი გახარიას შესთავაზა, რომ ტყვიების ლეტალურობა ერთმანეთზე სწროლით შეემოწმებინათ.

"ერთს მე გესვრით, ერთი - თქვენ მესროლეთ" - მიმართა ბობოხიძემ გახარიას, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ "სიამოვნებით, ოღონდ ამ დარბაზში არა", შემდეგ კი "ხულიგანი" უწოდა.

"აი, ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, და მე პასუხისმგებლობა მაქვს", - უთხრა გახარიამ ბობოხიძეს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, ხოლო 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

კომენტარები