ხაზარაძე-ჯაფარიძეს უცხოელი ადვოტაკები დაიცავენ - მათ საქმის სტრასბურგში გაგრძელება სურთ

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინტერესების დამცველმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ TBC ბანკის დამფუძნებელს მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმის გაგრძელება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სურთ.

კორძაძემ წარადგინა უცხოელი ადვოკატები, რომლებიც TBC ბანკის დამფუძნებლებს დაიცავენ. ესენი იქნებიან ბრიტანელი სტივენ ქეი და ფრანგი ვენსან ბერგერი.

"გარდა სისხლის სამართლის საქმისა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დაობდნენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმე TBC ბანკის წინააღმდეგ შეწყდა, მაგრამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აგრძელებდნენ დავას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა ეს საქმე იმ უცნაური მოტივით, რომ თითქოსდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან და ის აკრძალვა, რომ არანაირი დაფინანსება მათ და მათი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მიეღოთ, თითქოს არ კრძალავს მათ უფლებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საბოლოოა.

მე იმედი არ მაქვს, რომ შეიცვლება რამე სააპელაციო სასამართლოში და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან და არამარტო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით," - ამბობს კორძაძე.

________________________________________________________________________________

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუგზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

24 ივლისს, პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, ასევე აუკრძალეს გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთა. 

 

კომენტარები