თურქეთი

ერდოღანი: ზოგ ქვეყანას აქვს რაკეტები ბირთვული ნაწილებით, ჩვენ - არა, ეს დაუშვებელია

The Sun Daily

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დაუშვებელია ის, რომ თურქეთს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს. 

"ზოგ ქვეყანას აქვს რაკეტები ბირთვული ნაწილებით, არა ერთი და ორი. თუმცა, [ისინი გვეუბნებიან], რომ ჩვენ ამის ფლობის უფლება არ გვაქვს. ეს ჩემთვის დაუშვებელია," - აღნიშნული განცხადება ერდოღანმა 4 სექტემბერს მისი სამართლისა და განვითარების პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს ქალაქ სივაში გააკეთა. 

ერდოღანმა ისიც თქვა, რომ არ არსებობდა განვითარებული ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღები არ ჰქონდა. თუმცა, ეს ასე არ არის. 

აღსანიშნავია, რომ ერდორანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ მომავალში აპირებდა თუ არა ამ მიმარულებით მუშაობას.

თურქეთმა ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას 1980 წელს მოაწერა ხელი. 1996 წელს თურქეთმა ასევე ხელი მოაწერა ბირთვული გამოცდის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას, რაც ქვეყანაში ნებისმიერი მიზნით ბირთვულ დეტონაციას კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

S-400 სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა უკვე მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გამო თურქეთის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

თურქეთი F-35 ტიპის თვითმფრინავების 900-ზე მეტ ნაწილს აწარმოებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ამის ჩანაცვლება აშშ-ს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. გარდა ამისა შეჩერდება თურქი პილოტების გადამზადების პროგრამაც. თურქეთი ვეღარ შეიძენს F-35 ტიპის 100 თვითმფრინავს, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა.

F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია. მას ნატო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები იყენებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია და თურქეთს მის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

კომენტარები