ჭიაბერაშვილი: მედიკამენტებზე მწირი თანხაა გამოყოფილი, სამინისტრო ამასაც ვერ ითვისებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტებზე გაძვირებული ფასების პირობებში, მთავრობა, ნაცვლად ადამიანების დახმარებისა, ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებსაც ვერ ითვისებს:

"საზოგადოება დაიღალა ქართული ოცნების ცრუ დაპირებებით. ჩვენ უკვე შვიდი წელიწადია ვუყურებთ, რომ მათ ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს, რაც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. 

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ისედაც მწირი თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტში, იგივე, მედიკამენტების პროგრამაზე, რომ გაძვირებული მედიკამენტების პირობებში ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს და სამინისტრო იმასაც ვერ ითვისებს," - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნება არაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების - უმუშევრობის, სიღარიბისა და ფასების ზრდის აღმოსაფხვრელად.

ჭიაბერაშვილი ივლისში აცხადებდა, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მილიონი ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მილიონი ლარის წამალი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მილიონი ლარის წამალი შეიძინა.

მისი თქმით, თუ პროგრამის ამოქმედებამდე მინისტრი სერგეენკოს დაპირებით პროგრამით 200 ათასი მოქალაქე ისარგებლებდა, სინამდვილეში მხოლოდ 32 669-მა შეძლო მისი გამოყენება.

კომენტარები