თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პოლიციელის შეწყალების გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. მისი თქმით, ამაზე ახსნა-განმარტება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.
"ფაქტი, რაც მოვისმინეთ, არის ძალიან მძიმე. საქმეს მე შინაარსობრივად არ ვიცნობ და ვერც მეცოდინება. თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე. ამაზე ალბათ, თვითონ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ახსნა-განმარტება და იმ ჯგუფმა, კომისიამ, ვინც მუშაობდა ამ შეწყალებასთან დაკავშირებით თუ რასთან გვაქვს საქმე", თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, კატეგორიული წინააღმდეგია იმ ადამიანების შეწყალების, "რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელებზე, ბრალი აქვთ წარდგენილი პოლიციელის მკვლელობაში ან ძალადობაში".
ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხი სამინისტროსთან ან პენიტენციურ სამსახურთან განხილული არ ყოფილა. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ისურვებდა, პოლიციელის და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. პრეზიდენტმა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, არ უპასუხა.
"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით... ეს უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის აქ პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, რომ ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში", - თქვა ზურაბიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს და შემდეგ, აქტიურად აკრიტიკებდა მისი წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკას.





