ეროვნული ბანკი

გვენეტაძე ეროვნული ბანკის 50 მილიონიან ახალ ოფისზე: უწყების ფუნქციები იზრდება

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ უწყებისთვის ახალი, 50 მილიონიანი ოფისის მშენებლობა აუცილებელი გახადა ეროვნული ბანკისთვის ახალი ფუნქციების დამატებამ.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის ფუნქცია მოვალეობები.

ვარეგულირებთ არასაბანკო სფეროს, რომელიც ადრე არ იყო დარეგულირებული, საკრედიტო ბიურო, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეგულაციას, სესხის გამცემი სუბიექტები... ძალიან ბევრი დამატებითი საკითხი და ფუნქცია დაემატა ეროვნულ ბანკს." - აცხადებს გვენეტაძე.

მისი თქმით, "დღის წესრიგში დადგა ის, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება უფრო მეტი რესურსი და ეროვნულ ბანკს სჭირდება უფრო მეტი ფართობი იმისათვის, რომ შეძლოს მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციების შესრულება.

არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და ვერც სამომავლო მოთხოვნებს."

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი, A კლასის სათავო ოფისის მშნებლობა იგეგმება. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

პროექტით სამშენებლო ფართი 17 000 კვადრატული მეტრი იქნება და მომსახურების გაწევის მაქსიმალური ვადა 44 თვით განისაზღვრა.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის იუსტიციის სახლის ერთ-ერთ ფლიგელშია განთავსებული.

კომენტარები