აქცია საქართველოს პარლამენტთან

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება [Video]

პარლამენტში კომიტეტების მოსმენა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღესაც შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მინისტრობის კანდიდატების მოსმენას არ აპირებს. 

"ვერ ვხედავთ აზრს, კრიმინალი გიორგი გახარიას მტავრობის დამტკიცების ფარსში მივიღოთ მონაწილეობა. ამ ადამიანის ადგილი არ არის პრემიერის სავარძელზე. ამ ადამიანის ადგილი არის ციხეში. ეს ბუნებრივია, სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და არა მურუსიძეებმა, ჩინცალაძეებმა და იმ კლანმა რომელიც ივანიშვილს სრულად ჰყავს დამორჩილებული და შესაბამისად არანაირი სამართლებრივი პროცესი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ნაცვლად იმისა რომ პასუხი ეგი ჯალათს, ივანიშვილმა, სრულიად ცინიკურად დააწინაურა"- ამბობს ბოკუჩავა. 

ცნობისთვის, კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენებს არც ევროპული საქართველო დაესწრება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, ამ მთავრობის ხედვებშიშეცვლილი არაფერი არ არის. შესაბამისად, მისი თქმით, ისინი არც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან დასვამენ შეკითხვებს და არც რომელიმე სხვა საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან მინისტრობის სხვა კანდიდატებთან.

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება, მას საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. დღის მეორე ნახევარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე გუშინ წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.

კომენტარები