საქართველო-რუსეთი

ვოლსკი გავრილოვზე: აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, ჩვენმა მედიამ მისი შეფასებები აიტაცოს

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, მან არ იცის, თუ "რა მოლოდინები გაჩნდა ოკუპანტ ქვეყანაში" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენის შემდეგ, თუმცა, მისივე თქმით, არ არის აუცილებელი მედიამ სერგეი გავრილოვის შეფასებები აიტაცოს. 

"ოკუპანტ ქვეყანაში რა მოლოდინები გაჩნდა, არ ვიცი. ოკუპანტი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თავისი სტრატეგიით მოქმედებს. რა საკვირველია, რუსეთის ერთ-ერთი ჩინოსანი, გავრილოვი, თავის შეხედულებებს აჟღერებს და აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა მედიამ მისი შეფასებები აიტაცოს და წარმოადგინოს, როგორც აუცილებელი საპასუხო კომენტარი",-თქვა ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ გავრილოვის კომენტარის შესახებ.  

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილომა თქვა, რომ "საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელს, გამბედაობა ეყოფა თანამშრომლობის აღდგენის მიზნით რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე წავიდეს".

"მხოლოდ ამას შეუძლია მოგვცეს კონფლიქტის გადალახვის გარანტია," - თქვა კომუნისტმა დეპუტატმა.

გავრილოვმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარია თბილისში ივნისის პერიოდში ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება. განცხადება 3 სექტემბერს ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

კომენტარები