ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა: ქართულმა მხარემ ჩვენს საფრენ აპარატს ესროლა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით საფრენი აპარატი სოფელ წნელისთან ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა, ამ დროს კი ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც აპარატი ჩამოვარდა საოკუპაციო ხაზთან.

მათი განცხადების მიხედვით მანამდე ანალოგიური ტიპი ქართული საფრენი აპარატები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებნდნენ დაზვერვას საოკუპაციო ხაზთან და სამოქალაქო ობიექტებზე, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობა საკუთარ შემადგელობაში მოიაზრებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტზე რეაგირების სახით მათ ინფორმაცია ევროკავშირის დამკვირვებლებს მიაწოდეს.

"საჭიროდ მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან და მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებებისათვის არ არის მოწოდებული, არამედ ორიენტირებულია შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაზე." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ​ ​ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 29 აგვისტოს, ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

30 აგვისტოს ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდება.

კომენტარები