მსჯავრდებულთა შეწყალება

ენმ: პრეზიდენტმა განმარტოს, ვისი დავალებით შეიწყალა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული

ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, ვისი დავალებით მოაწერა მან ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას.

"ჩვენ არ მივიღებთ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. ველოდებით კითხვებზე პასუხს და აუცილებლად მივიღებთ მას, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, რომ საქართველოს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი ჰყავდეს", - თქვა უდუმაშვილმა.

გარდა ამისა, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ რამაზ დევაძის შეწყალება არის არამხოლოდ თარაშ მუკბანიანის ოჯახის, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფა.

"გასაგებია რომ მას დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია თუ ვინ დაავალა. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დარტყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ჩვენს ვაჟკაც ბიჭებს 7-წლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს, 3 წლის შემდეგ ათავისუფლებენ.

ესაა შეურაცხყოფა არამხოლოდ მუკბანიანის ოჯახის, არამედ პოლიციელების. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი დაცულად, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცულები", - თქვა უდუმაშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.

კომენტარები