პროკურატურა: ხაზარაძე და ჯაფარიძე ყალბი ამბის გადაფარვას ახალი სიყალბით ცდილობენ

ზაზა აბაშიძე

მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყალბი ახალი ამბის შექმნასა და გავრცელებაში ამხილეს, მათმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ "პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა". 

საქმე ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ ბრიტანეთს TBC-ის საქმეზე ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა

კერძოდ, უწყება წერს: 

"მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ "საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის", ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ, გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით.

ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ - ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი. აღნიშნული პროცედურების შესახებ ცნობილია ნებისმიერი იურისტის და სამართალმცოდნისათვის.

გარდა ამისა, ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაგზავნილია 2019 წლის 03 ივნისს, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციაში ფინანსური აქტივობების შესახებ მამუკა ხაზარაძე მოხსენიებულია, როგორც ფულის გათეთრებაში ბრალდებული.

მხოლოდ ეს ინფორმაცია, არათუ სამართალმცოდნეს, არამედ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ამ ორ დოკუმენტს არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს.

ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებშიც კი ნათლად ჩანს, რომ არანაირ თანამშრომლობას ანტიტერორისტული ღონისძიების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და სიტყვა "ანტიტერორისტული“ არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიერ გამართულ ბრიფინგზე ასე აქტიურად აპელირებდნენ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად ცნობილია დაცვის მხარისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას". 

________________________________________________________________________________

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუგზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

26 ივლისს თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, ასევე აუკრძალესგამოძიების თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთა. 

კომენტარები