ხმელთაშუა ზღვა

ლიბიიდან მომავალი გემი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, დაიღუპა 40-ზე მეტი მიგრანტი

AP

ლიბიიდან მომავალი გემი, რომელიც ევროპისაკენ მიემართებოდა ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. სანაპირო დაცვის და გაეროს მიგრანტთა სააგენტოს ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე 40 მიგრანტი. სანაპირო დაცვამ 65 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.

ლიბიის სანაპირო დაცვამ 5 ადამიანის გვამი იპოვა, მათ შორის ერთი ბავშვია.

გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იყო. მიგრანტების უმეტესობა სუდანიდან იყო. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ლიბიის სანაპირო დაცვის თქმით მათ მხოლოდ აგვისტოში ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას ასობით მიგრანტი დააკავეს.

გაეროს მიგრანტთა სააგენტოს მონაცემებით მიმდინარე წელს ლიბიიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით მიმავალი 164 მიგრანტი დაიღუპა, რაც წინა წლებთან შედარებით კლებაა. დაკარგულად ითვლება 150 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, გასულ თვეს გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ.

უკანასკნელ წლებში ევროკავშირი ლიბიის სანაპირო დაცვასთან და სხვა ძალებთან ერთად არალეგალური მიგრაციის შეჩერებას ცდილობს. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით ამის შედეგად მიგრანტები ლიბიაში სპეციალურ ბანაკებში ხვდებიან, სადაც ცუდი პირობები და საკვების და წყლის ნაკლებობაა. ამჟამად ტრიპოლისთან მდებარე მსგავს ცენტრებში 2,500-მდე მიგრანტია დაკავებული.

კომენტარები