ვატო წერეთელი: გირაოს სახით ტვ პირველის შენობის ჩადება მოგვიწევს

ტვ პირველი

ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეუფარდებს, ისინი იძულებულები გახდებიან, გირაო ტელეკომპანიის შენობით უზრუნველყონ. 

"პროკურატურას გირაოს შეფარდებაზე მოჰყავს მაგალითი "ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ". გასაოცარია ეს ჩემთვის. ვერ გასცდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო და პროკურატურა რუსეთს. ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. რატომ აღარ არის აქტიურ ბიზნესში, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. გირაოს სახით შეიძლება მოხდეს ტვ პირველის შენობის ჩადება, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესში აღარა ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, მოგვიწევს ტვ პირველის ჩადება. რასაც ვულოცავთ პროკურატურას, ანუ სახელმწიფოს", - თქვა ვატო წერეთელმა. 

ავთანდილ წერეთლის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. 

პროკურატურა ითხოვს, წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაო შეეფარდოს, ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით, აეკრძალოს ქვეყნის დატოვება საგამოძიებო ორგანოს გაფრთხილების და ნებართვის გარეშე. 

ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და თბილისის საქალაქო სასამართლოშიც მივიდა. 

პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა: 

"რა ტრანზაქცია ჩაატარეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, მე რაში მაინტერესებს. მე ვასესხეფული ჩემს მეგობრებს, მეტი არაფერი რა". 

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ბიზნესმენის ადვოკატის, კახა წერეთლის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ავთო წერეთლის მხრიდან არც მოწმეებზე ზეწოლის და მიმავლის საფრთხე დგას და ისინი პროცესზე ამას დაასაბუთებენ

იმავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები