პროკურატურა ითხოვს, ავთო წერეთელს ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აეკრძალოს

ტვ პირველი

პროკურატურა ითხოვს, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად, დაეკისროს დამატებითი ზომა - აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოების გაფრთხილების გარეშე. 

მსგავსი ღონისძიება 700 000 -700 000-ლარიან გირაოსთან ერთად TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც შეეფარდათ. 

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თქვა: 

"გირაოს ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები, რაც შეეხება მტკიცებულებებს, ავთანდილ წერეთლის მიმართ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები. იგულისხმება იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის თიბისი ბანკის თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი". 

ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო

ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და თბილისის საქალაქო სასამართლოშიც მივიდა. 

პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა: 

"რა ტრანზაქცია ჩაატარეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, მე რაში მაინტერესებს. მე ვასესხე ფული ჩემს მეგობრებს, მეტი არაფერი რა". 

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ბრალდების მხარე ავთანდილ წერეთლისთვის 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. დღევანდელ პროცესზე სწორედ ეს საკითხი განიხილება. 

ბიზნესმენის ადვოკატის, კახა წერეთლის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ავთო წერეთლის მხრიდან არც მოწმეებზე ზეწოლის და მიმავლის საფრთხე დგას და ისინი პროცესზე ამას დაასაბუთებენ

"აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა. არსად არ მიიმალება ადამიანი, რომელიც ჩამოფრინდა 3 საათის წინ. პროკურატურა ამბობს, რომ იმისთვის, რომ არ მიიმალოს და მოწმეებზე ზეწოლა არ მოახდინოს, აუცილებელია ეს თანხა. ჩვენ დავასაბუთებთ, რომ ამისი არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. დაკავების საფუძველს გამოვრიცხავ, რამე საფუძველი იმისა, რომ ავთანდილ წერეთელმა ჩაიდინა დანაშაული, არ არსებობს და დღესაც არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი. არანაირი ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ მიიმალება ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა საქართველოში, როცა მისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიმართ დევნა იყო დაწყებული, არ არსებობს", -თქვა ადვოკატმა. 

იმავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, - "ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები"

24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები