რუსეთი

რუსეთში მშობლის უფლების ჩამორთმევა აქციის მონაწილე კიდევ ერთი წყვილისთვის სურთ

მოსკოვის პროკურატურა აქციაზე მონაწილე მრავალშვილიანი წყვილისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. ამის შესახებ BBC წერს.  

პროკურატურის სარჩელის მოხედვით, პიოტრ და ელენა ხომსკებმა 3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ აქციაზე მცირეწლოვანი შვილი მიიყვანეს. როგორც პროკურატურა ამბობს, მათ "აგრესიულად მოქმედ დემონსტრანტებთან" შვილი განზრახ მიიყვანეს, ამიტომ, მათი მოთხოვნით, ხომსკებს მშობლის უფლება უნდა ჩამოერთვათ.  

სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს არის ჩანიშნული.  

მოსკოვის პროკურატურამ მშობლის უფლების ჩამორთმევა ოლგა და დიმიტრი პროკაზოვების წყვილისთვისაც მოითხოვა.  

"აქციის დროს მშობლებმა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ასაკის გამო უმწეოა, მესამე პირს გადასცეს, რამაც ბიჭის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მას ფიზიკური და მორალურ ზიანი მიაყენა. ამრიგად, მეუღლეებმა ბავშვის ინტერესის საზიანოდ ბოროტად გამოიყენეს მათი მშობლის უფლებები," - აღნიშნული იყო განცხადებაში.  

როგორც შემდეგ გაირკვა, პირი, რომელსაც პროკაზოვებმა ბავშვი გადასცეს, ოჯახის ახლობელი იყო.  

მოსკოვში 27 ივლისის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ასიათასობით ადამიანი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციური, დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვს. პოლიციამ მასობრივი დემონსტრაციები დაარბია და საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით აღძრა. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1002 პირი დააკავეს.

კომენტარები