გირჩი

გირჩმა სატელევიზიო მაუწყებლობა დაიწყო

Girchi

პოლიტიკური პარტია გირჩის ცნობით, მათ სატელევიზიო მაუწყებლობა დაიწყეს. გირჩი TV მაყურებელს ახალ გადაცემებს შესთავაზებს. 

მათი თქმით, მაგთის საკაბელოს აბონენტებს, 61-ე არხზე გირჩის ტელევიზიის ყურება შეუძლიათ და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ტელევიზორში ნახვას Silk TV-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ტელევიზიაში გავა გირჩის გადაცემები: "გირჩის აზრით", "თავისუფალი ბაზარი" და "პროცესი", ინგლისურენოვანი ვიდეოების თარგმანები ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და ფილოსოფიაზე. გირჩის თქმით, იგეგმება ახალი გადაცემებიც. 

"ჩვენი ტელევიზიის გაშვებით ვაპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას და საქართველოს მოსახლეობის ისეთ სეგმეტზე გასვლას, რომელიც დღემდე პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას იღებს ტელევიზორიდან და არა ინტერნეტიდან" - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. 

გარდა ამისა, გირჩმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომ მათ ინოვაციური ონლაინ პლატფორმაც ჩაუშვეს.

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გირჩმა გაუშვა უნიკალური პარტიული ონლაინ პლატფორმა, რომლის ანალოგიც არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და რომელიც შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფლების იდეა, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და წარმატებას სრულიად გამჭვირვალე სისტემის გამოყენებით მიაღწიოს",- ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

მათი თქმით, მსურველებს პლატმორმის მეშვეობით საშუალება აქვთ გირჩის სიახლეებს თვალყური ადევნონ, გახდნენ პოლიტიკოსები, წვლილი შეიტანონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, დააგროვონ გირჩის ციფრული ფული (GED), აგრეთვე, მხარი დაუჭირონ სასურველ პოლიტიკოსს და დააწინაურონ ის პარტიულ რეიტინგში.

კომენტარები