Ryanair

Ryanair-ი 2020 წლის ბოლომდე ქუთაისიდან და თბილისიდან 12 პირდაპირ მიმართულებას დაამატებს

ryanair.com

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 2020 წლის ბოლომდე 12 ახალ პირდაპირ მიმართულებას დაამატებს. თბილისი-მილანის, ქუთაისი-მარსელის და ქუთაისი-ბოლონიის ფრენებს ავიაკომპანია წლის ბოლომდე დაიწყებს. ასევე, 2020 წლის დასაწყისში სავარაუდოდ თბილისის აეროპორტიდან შესრულდება ფრენები კიოლნის მიმართულებით. დანარჩენ მიმართულებებს ეკონომიკის სამინისტრო და ავიაკომპანია Ryanair-ი 2020 წლის დასაწყისში დააანონსებენ.

"ჩვენი თხოვნა იყო, რომ დაეჩქარებინათ კიოლნის მიმართულება და კიოლნის მიმართულება ემატება სავარაუდოდ თბილისის აეროპორტიდან. ფრენები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება, მაგრამ ბილეთების ყიდვა ამ წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. დანარჩენ მიმართულებებს მომავალი წლის დასაწყისში დავაანონსებთ. პრირიტეტია, რომ იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან ახალი აეროპორტები, სადაც ფრენები არ ხორციელდება" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი ქუთაისი-ბოლონიის და თბილისი-მილანის რეისებს 2019 წლის ნოემბრიდან შეასრულებს. ოფიციალურ საიტზე მილანის მიმართულებით პირველი ფრენის თარიღად 6 ნოემბერია მითითებული, მარსელის მიმართულებით - 7 ნოემბერი, ხოლო ბოლონიის მიმართულებით - 9 ნოემბერი.

რეისები თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება. ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით Ryanair-ი კვირაში ორჯერ იფრენს - 1 გზის ფასი 10 ევროდან იწყება. რაც შეეხება მარსელს, Ryanair-ი კვირაში ორ რეისს შეასრულებს - 1 გზის ფასი 27 ევროდან იწყება.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. 

საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. 

კომენტარები