20 ივნისის აქცია

"აღშფოთდა კასტა"- დეპუტატ ნინო წილოსანის გამოხმაურება მოქალაქეთა კრიტიკაზე

ნინო წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა მოქალაქეებს, რომლებმაც ის გიორგი გახარიას მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისთვის გააკრიტიკეს, "კასტა" უწოდა. 

წილოსანმა ფეისბუქზე დაწერა: "ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივე შეხვედრაზე მთხოვეს, [გიორგი გახარიასთვის] გადამეცა, არ წავიდესო”.

19 აგვისტოს აქტივისტებმა გიორგი გახარიას გადადგომა ბახმაროშიც მოითხოვეს და ფერისცვალების დღესასწაულზე პლაკატი "წადი" გამოაკრეს. წილოსანი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა. 

ბახმაროში მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს და მას ნინო წილოსანი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც დაესწრნენ. 

მოქალაქეები დეპუტატის ფეისბუქ-პოსტის კომენტარებში წერდნენ, რომ მაშინ, როცა გუგუტიანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს, საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს და 8 ადგილობრივი გაიტაცეს, მმართველი გუნდი სხვა საქმეებით არის დაკავებული, რაც უხერხულია. 

"ხალხთან ლაპარაკზე თქვენ რომ იღებთ ხმას, უხერხულია, როცა გუგუტიანთკარში საერთაშორისო დამკვირვებლები, ჟურნალისტები, მოქალაქეები, არასამთავრობოები და ყველა ადეკვატური ჩავიდა, ვინც მოახერხა და თქვენ პროგახარია შეხვედრებზე დადიხართ, პრეზიდენტი ლოპოტაზე ცურავს, მერი გონიოში ისვენებს და დანარჩენები ჩუმად არიან", - დაწერა მარიამ ბაჯელიძემ. 

ასევე, მოქალაქეებმა გაიხსენეს წილოსანის ბიზნესპარტნიორებისთვის სპეციალურად მორგებული სატენდერო პირობები. 

მათ შორის ის, რომ, "ფლანგვის დეტექტორის" მიერ მოძიებული ინფორმაციით, "უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს. მერიამ კონკურსის პროცესი წარმართა ისე, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს, შპს „სანოს“. შპს სანომ, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო.

შპს სანოს დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარ ნინო წილოსანის პარტნიორია უამრავ ბიზნესში. იგივე ვრცელდება გიორგი არეშიძეზე, რომელიც ვაგონმშენებელი კომპანიის დირექტორია, რომლის მფლობელიც აგრეთვე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანია". 

სწორედ ამ კომენტარების საპასუხოდ დაწერა დეპუტატმა: "აღშფოთდა კასტა, აბა, თქვენ იცით, იმუშავეთ მთელი ღამე" - დაწერა ქართული ოცნების დეპუტატმა. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარაიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს, სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გუგუტიანთკარში ამ დრომდე არ ჩასულან. 

კომენტარები