ვალების რესტრუქტურიზაცია

იმედის იურისტი: R2-თან არათანაბარი კონკურენციის გამო, გადასახადების გადახდა ჩვენც შევწყვიტეთ

ტვ იმედი/news.ge

ტელეკომპანია იმედის იურისტი ანდრო ლაშხი 14 აგვისტოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიას რუსთავი 2-ისა და მაესტროს მსგავსად, მილიონობით ვალი აქვს სახელმწიფოსი. 

ლაშხი ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ყადაღის დადების გამო რუსთავი 2-მა გადასახადების გადახდა შეწყვიტა, იმედი რუსთავი 2-თან მიმართებით არათანაბარ კონკურენციაში იყო, რის გამოც, თავადაც შეწყვიტა გადასახადების გადახდა. 

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ჯიბრში ვედექით. საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც რაღაც კონკურენცია გიწევს. აი, კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ: რაღაც პროგრამების შექმნა ფულთან არის დაკავშირებული. შენი საზომი შენი კონკურენტია. ვთქვათ, ახალი პროგრამა თუ ჩაუშვა და ძვირადღირებული თუ ჩაუშვა, შენც იძულებული ხარ, რომ მიყვე ამ ტემპს და არ ჩამორჩე. როდესაც ასეთი სიტუაციაა და არათანაბარი 25%-იანი უპირატესობა აქვს, ეს, უბრალოდ, იძულებულს გხდის, რომ შენც იფიქრო საშუალებებზე, თუ როგორ დააკომპენსირო ის დანაკლისი და ის უპირატესობა, რაც აქვს კონკურენტს," - ამბობს ლაშხი. 

ლაშხის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება ყველა სუბიექტისადმია მიმართული, ტელეკომპანია იმედი მოხარული იქნება, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა დაიწყოს. 

"დღეის მდგომარეობით, კონკრეტული წინადადება მზად არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში" - თქვა ლაშხმა. 

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, 14 აგვისტოს იმ ტელეკომპანიებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფოს ვალი აქვთ და მათ ამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. მაჭავარიანმა რუსთავი 2-ს, იმედსა და მაესტროს მოუწოდა, რომ მათ ფინანსთა სამინისტროს მიაწოდონ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ძველი ვალების გადახდას დაიწყებენ. მაჭავარიანის თქმითვე, ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე უნდა დაიწყონ. 

მინისტრმა ტელეკომპანიების იმ ვალების რაოდენობაც გაასაჯაროვა, რომელიც მათ 2016 წლის შემდეგ აქვთ:

რუსთავი 2 - 28 მილიონი ლარი, იმედი - 19 მილიონი ლარი და მაესტრო - 8 მილიონი ლარი. 

კომენტარები