რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

"მიზანმიმართულად აკოტრებდა კომპანიას" - ნიკა გვარამიას პაატა სალიაც უჩივლებს

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, სასამართლოში უჩივლებს.

სალიამ ამის შესახებ 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხებოდა. სალია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას წლების განმავლობაში მიზანმიმართულად შეჰყავდა კომპანია ფინანსურ კრიზისში. 

"ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგოს, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ,"- ამბობს პაატა სალია. 

ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ის რუსთავი 2-ის გაყიდვას აპირებს და ამისთვის კონკურსს აცხადებს. ხალვაში ამბობს, რომ მას არხის გაყიდვა მოუწია, რადგან ტელეკომპანია ისეთი კრიზისშია, საიდან გამოსასვლელადაც მისი ფინანსური შესაძლებლობები საკმარისი არ არის. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გვარამია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის. 

კომენტარები