საპენსიო რეფორმა

ჭიაბერაშვილი: საპენსიო სქემა დატოვა იმათმა 50%-მა, ვისაც შეეძლო

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემა, მის ხელთ არსებული მონაცემებით, გასვლის უფლების მქონე პირების ნახევარმა დატოვა:

"შუა ივლისის მონაცემებით, დაახლოებით 148 ათასმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა. იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სქემის დატოვება შეუძლია (თქვენ იცით, რომ 40 წლის ქვემოთ ადამიანებს დატოვება არ შეუძლიათ), მათი რიცხვი მუდამ მერყეობდა - პირველ აპრილს 275 ათასს შეეძლო დატოვება, 6 აგვისტოს 325 ათასს. იმ მომენტისთვის, როცა 148 ათასმა ადამიანმა დატოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ 300 ათას ადამიანს შეეძლო დატოვება. ანუ, ჯამურად, 50%-მა იმ ადამიანებისა, ვისაც შეეძლო დატოვება, სქემა დატოვა," - ამბობს ჭიაბერაშვილი ტვ პირველის ეთერში.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, მეტი ინფორმირებულობის შემთხვევაში, სქემას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებდა:

"საინფორმაციო კამპანია რომ უფრო სრულყოფილი ყოფილიყო, გაცილებით მეტი ადამიანი დატოვებდა. მთავრობამ ჯერ ყველანი შეგვიყვანა სქემაში და მერე არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ განემარტა ადამიანებისთვის, როდის და როგორ შეეძლოთ მათ სქემის დატოვება, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილსაც შეეძლო, 50% ისედაც დიდია."

დღესვე, 12 აგვისტოს, საპენსიო სააგენტომ წარადგინა მთავარი რისკის ოფიცერი, ბაქარ მარუაშვილი. მთავარი რისკის ოფიცერის ამოცანა სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რისკების კონტროლი იქნება.

ფონდში აკუმულირებული თანხა ამჟამად განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში (დაახლოებით 50%-50%). სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. დაგროვილი თანხით ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, რასაც სააგენტოს საინვესტიციო საბჭო წყვეტს. აქამდე ინვესტიციები იმიტომ არ განხორციელდა, რომ საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებული არ იყო. საბოლოოდ, მისი შემადგენლობა 11 ივნისს დაამტკიცა პარლამენტმა, ახლა კი საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეიმუშავოს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები განხორციელდება.

კომენტარები