ანზორ ჩუბინიძე: 20 ივნისის საქმეზე არ დავკითხულვარ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ის არ დაკითხულა. 

ამის შესახებ ის რუსთავი 2-თან გაკეთებულ ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. 

"სამსახურის დებულება წაიკითხეთ. არ გავცემდი დამიზნებით სროლის ბრძანებას, რა თქმა უნდა. სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. ჯერჯერობით არ დავკითხულვარ," - ამბობს ანზორ ჩუბინიძე. 

რუსთავი 2-ისა და რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩუბინიძე 20-21 ივნისის ღამით, მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს პარლამენტის წინ იმყოფებოდა და სწორედ ის გასცემდა ბრძანებებს. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი.

უკვე 51-ე დღეა, რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. მათ გარდა დაკავებულია აქციის კიდევ 19 მონაწილე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები