რუსეთი

რა ვიცით მოსკოვში აქციაზე გამოჩენილ წყვილზე, ვისთვისაც მშობლის უფლების ჩამორთმევა სურთ?

მცირეწლოვან შვილთან ერთად მოსკოვის მიტინგში მონაწილეობით და ბავშვის მესამე პირისთვის გადაცემის, მისი საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით წყვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა სურთ. აღნიშნულ საქმეზე მოსკოველმა გამომძიებლებმა 5 აგვისტოს ღამით მშობლების სახლი გაჩხრიკეს. წყვილის თქმით, ისინი აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, ე.წ. მესამე პირი კი მათი ნათესავი, სერგეი ფომინი იყო. 

ბავშვის მამის, დმიტრი პროკაზოვას თქმით, 5 აგვისტოს ღამით საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა იმ ვიდეოს საფუძველზე, რასაც მედიაში მთელი კვირის მანძილზე აჩვენებდნენ და პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეზე მათი სახლი გაჩხრიკეს - "საგამოძიებო კომიტეტში დაგვიბარეს - იქ ჩვენების მისაცემად უნდა წავიდეთ. ჩვენ სრულიად უდანაშაულონი ვართ… ჩვენ შვილს არავითარ შემთხვევაში შევუქმნით საფრთხეს".

მათი თქმით, იცოდნენ, რომ 27 ივლისს აქცია იმართებოდა და მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებდნენ, თუმცა აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ - "ბავშვთან ერთად ეს აბსურდი იქნებოდა".

მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებმა, ოლღა და დმიტრი პროკაზოვებმა, დაადასტურეს, რომ ე.წ. მესამე პირი სერგეი ფომინი მათი ნათესავია.

"სერგეი ფომინი ჩემი ბავშვების მეგობარი და ჩემი მეუღლის ბიძაშვილია, რომლსაც ბავშვის დაჭერა ვთხოვე და შემდეგ ჩვენ მეტრომდე მივედით. იქ არ იყო პოლიციის კორდონი," - თქვა დმიტრი პროკაზოვმა.

31 ივლისს ფომინმა თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ ღამით პოლიციელები მისი მშობლების სახლში მივიდნენ - "ახლა ვფიქრობ, რომ ისინი მალე ჩემთან მოვლენ. რა უნდა ვთქვა? გადით ქუჩაში. ნუ მისცემთ მათ უფლებას რომ შეგაშინონ. ჩვენ არ ვართ ჩინეთში... აჩვენეთ, რომ არ გეშინიათ და ისინი წავლენ. ბროტების გამარჯვებისთვის საკმარისია კარგმა ხალხმა არაფერი გააკეთოს".

31 ივლისს ფომინის სახლი გაჩხრიკეს და ის მასობრივი არეულობის საქმეზე მოწმედ დაკითხეს, შედეგ კი გამოუშვეს. 5 აგვისტოს მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტმა მას ბრალი წაუყენა - "ფომინმა სხვისი მცირეწლოვანი ბავშვით დატოვა აქცია, რათა უსაფრთხოდ გასულიყო პოლიციის ზახს მიღმა".

"ის ქუჩის ტაქტიკების ექსპერტია, რომელიც აქტიურად უძღვება არეულობებს," - ფომინისთვის ბრალის წარდგენამდე 1 დღით ადრე პუტინის პროპაგანდულ მედიაში პირველ არხზე განაცხადეს.

სახელმწიფო მედიაში გამოხმაურებამდე ფომინზე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სათაურით "ვინ და როგორ ახდენს მოსკოვის აქციების რადიკალიზაციას?". დამოუკიდებელი მედიის Dozhd ინფორმაციით, ვიდეო რუსეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წარმომადგენლებმა გადაიღეს.

31 ივლისის დაკითხვის შემდეგ ფომინს პოლიციამ მობილური ჩამოართვა და მისი დედის, ტატიანა ფომინას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ათასობით მომიტინგეებს პოლიციელებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებდა - "ამის გასაკეთებლად ჩემთვის არავის გადაუხდია, მე არცერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ. მე უბრალოდ მოქალაქე ვარ."

ის სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანად მოდიოდა და გაიძახდა სხვადასხვა მოწოდებას "სამართლიანი არჩევნები"; "მე ხმა მაქვს";"მოსკოვო, გამოდი".

"ჩემმა მეგობრებმა მსვლელობიდან გამომიყვანეს და ბავშვი გადმომაბარეს… ისინი ღელავდნენ ჩემზე," - წერს ფომინი.

წყვილმა პროკურატურის ბრალდება უარყო, რომ მათ ფომინს ბავშვი იმიტომ გადასცეს, რომ პოლიციელებს უსაფრთხოდ გაცლოდა - "იქ პოლიცია საერთოდ არ ყოფილა, ჩვენ არ დაგვინახავს".

მოგვიანებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან "ფიზიკური და ემოციური ზიანის" ნაწილი წაშალეს. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მედიაზონას ინფორმაციით, ფომინის ერთერთი ნაცნობის თქმით, ის ოპოზიციონერ ლიუბოვ სობოლის შტაბში მოხალისე იყო. რამდენიმე კვირის წინ ის ბროშურების დარიგებისთვის დაიჭირეს, რითაც მოსკოველებს ოპოზიციონერი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ამცნობდა.

სერგეი ფომინი
ფოტო: Facebook/Sergej Fomin

მოსკოვის პროკურატურამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიტინგზე მისული წყვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა მოითხოვა.

"აქციის დროს მშობლებმა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ასაკის გამო უმწეოა, მესამე პირს გადასცეს, რამაც ბიჭის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მას ფიზიკური და მორალურ ზიანი მიაყენა. ამრიგად, მეუღლეებმა ბავშვის ინტერესის საზიანოდ ბოროტად გამოიყენეს მათი მშობლის უფლებები," - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ისიც აღნიშნეს, რომ ამჟამად სხვა პირების მიმართ, რომლებმაც ზემოთაღნიშნულ უნებართვო აქციაში მცირეწლოვან ბავშვებთან ან არასრულწლოვანებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, შემოწმება გრძელდება. პროკურატურამ აღნიშნული განცხადება სასამართლოს წარუდგინა. 

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1002 პირი დააკავეს.

კომენტარები