გლობალური ეკონომიკა

ეკონომიკური კოლაფსის მსოფლიო რეკორდები

ბოლო წლების განმავლობაში, ნავთობით და სხვა წიაღისეულით უმდიდრესი ვენესუელა, ქაოსმა და სიღატაკემ მოიცვა. ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად მზარდი ტემპებით მცირდება. ვენესუელას ეკონომიკური კოლაფსი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეკონომიკური სისტემის ნგრევა სამხედრო კონფლიქტს არ უკავშირდება. 

როგორც წესი, დიდი ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი სწორედაც, სამხედრო კონფლიქტებია, თუმცა ვენესუელაში არსებული კრიზისის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე მაგალითად გერმანიის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

2016 წლიდან დღემდე, ქვეყნის ეკონომიკა 63%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ამ კუთხით, საინტერესო გამოცდილება აქვს საქართველოსაც. გასული საუკუნის 1990-იან წლებში საქართველომ ეკონომიკური ვარდნის რამდენიმე რეკორდი დაამყარა, რომელიც დღემდე არ "გაუმჯობესებულა"

1990 წლიდან 1995 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 68 პროცენტით შემცირდა.1989-1994 წლებში ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 20%-ით მცირდებოდა. 1994 წლის მიწურულს საქართველო ოდნავ უფრო მდიდარი იყო, ვიდრე დღევანდელი კონგო (მშპ — 439$) და მოზამბიკი (მშპ — 415$). ამავდროულად, საქართველო უფრო ღარიბი იყო, ვიდრე დღევანდელი უგანდა, ტაჯიკეთი, იემენი, ჰაიტი, ეთიოპია, ტანზანია, ყირგიზეთი და უზბეკეთი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 3 წლის შემდეგ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო იყო.

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებულმა, ონლაინ-პლატფორმამ, GZERO Media-მ მსოფლიოს ეკონომიკური ისტორიის ყველაზე, მასშტაბური კოლაფსების შემთხვევები შეაგროვა.

სიის "რეკორდსმენი" სირიაა, სადაც სამოქალაქო ომის დაწყების მომენტიდან 2011 წელს, დღემდე ეკონომიკამ მოცულობის 75% დაკარგა. ჩვენ სიაში 90-იანი წლების საქართველოს ეკონომიკური კოლაფსიც დავამატეთ და გამოვიდა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე სიაში არსებული სხვა ქვეყნების.

 

კომენტარები