ავტოსაგზაო შემთხვევა

თუშეთში, ხევში ჩავარდნილი მანქანა კალაპოტიდან გამოიყვანეს, დაკარგულ ადამიანს ისევ ეძებენ

საგანგებო სიტუაციების სამსახური

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. უწყებაში ამბობენ, რომ შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე, თუმცა ერთი მოქალაქის ცხედარი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ, აქ ვერ იპოვეს.

სამსახურის ცნობითვე, პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.

თუშეთში ავტოავარია 27 ივლისს მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო, თუმცა ხევში იყვნენ ჩარჩენილები, საიდანაც მაშველებმა ამოიყვანეს. მათ შორის სამი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.

გარდა ამისა, ნაპოვნია 6 მოქალაქის ცხედარი, დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები