მკვლელობა

65 წლის კაცმა 2 რუმინელი არასრულწლოვნის მკვლელობა აღიარა

EPA

15 წლის ბავშვის გაუჩინარებისთვის ეჭვმიტანილმა კაცმა 2 ადამიანის მკვლელობა აღიარა.

ეჭვმიტანილი 65 წლის ჯორჯ დინკაა. მან პოლიციას განუცხადა, რომ 15 წლის ალექსანდრა მეჩესანუ მოკლა, რომელიც ოთხშაბათს, 24 ივლისს გაუჩინარდა და 18 წლის ლუიზა მელენკუ, რომელიც აპრილის შემდეგ გაუჩინარებულია.

ალექსანდრამ, სანამ ის გატაცებული იყო, 3-ჯერ დარეკა პოლიციაში.

დამნაშავის სახლის გაჩხრეკვისას პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილები და ალექსანდრას აქსესუარები იპოვა.

“ჩემი კლიენტის თქმით, ორივე თინეიჯერი ნებაყოფლობით გაჰყვა მას, თუმცა შემდეგ მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა და მან ორივე მათგანს დარტყმა მიაყენა, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია”,- თქვა დამნაშავის ადვოკატმა ალექსანდუ ბოდგანმა.

შაბათს, 27 ივლისს ათასობით დემონსტრანტი ბუქარესტში გამოვიდა და ხელისუფლების ქმედებას “არაკომპეტენტური” უწოდა.

ალექსანდრას მშობლები ოფიციალურ პირებს იმაში დებენ ბრალს, რომ მათ ბავშვის ზარები თავიდანვე სერიოზულად არ მიიღეს.

ალექსანდრა 24 ივლისს ავტოსტოპით კარაკალში, სახლში დაბრუნებას ცდილობდა, რის შემდეგადაც გაუჩინარდა.

ხუთშაბათს დილით მან 3-ჯერ 112-ში დარეკა და გატაცების შესახებ პოლიციას აცნობა.

პოლიციის უფროსმა თქვა, რომ ალქესანდრა მანამ, სანამ ბოლო ზარი შეწყდებოდა ყვიროდა “ის მოდის, ის მოდისო”.

უწყების თანახმად, მათ ლოკაციის ამოცნობა გაუჭირდათ და 3 შენობა დაათვალიერეს, მანამ, სანამ ალექსანდრას ადგილსამყოფელს დილის 3 საათზე, პარასკევს მიაგნეს.

პოლიციას გარეთ დარჩენა დილამდე მოუწია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ორდერი აუცილებელი არ ყოფილა, ისინი მოწმობის გარეშე სახლში არ შესულან.

შესაბამისად, მათ ალექსანდრას ბოლო ზარის შემდეგ 19 საათის განმავლობაში სახლი არ შეუმოწმებიათ.

პოლიციის განცხადებით, ადამიანის სხეულის ნაწილები, რომელიც სახლში იპოვეს, ეკუთვნოდათ ალექსანდრასა და ლუიზას.

კომენტარები