ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

რუსთავი 2

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქურაშვილის, სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დაიხურა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის გამოსვლას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა. 

სასამართლო ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ბრალდების მხარე მისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს, ხოლო ადვოკატი ჭაბაშვილი მიიჩნევს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდოს. მამუკა ჭაბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე გადაწყვეტს, რომ რაიმე სახით აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, მაშინ დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს შესთავაზებს. 

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

"დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - აცხადებს შსს.

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები