ლორთქიფანიძის ადვოკატი: დავაყენებთ პირად თავდებობას, ალტერნატივად შევთავაზებთ გირაოს

National Geographic

საქალაქო სასამართლოში ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს. 

ლორთქიფანიძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის, თქმით, ის აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე აპირებს შუამდგომლობის დაყენებას, თუმცა მისივე თქმით, თუკი მოსამართლე მის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე მზად იქნება, 10 000-ლარიანი გირაო გადაიხადოს. 

"არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს პატიმრობა შეეფარდოს. აქედან გამომდინარე ჩვენ დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წინაშე პირად თავდებობას დავაყენებთ, სადაც ლორთქიფანიძეს საკმაოდ ცნობადი პირები უდგებიან თავდებში. ალტერნატივის სახით ასევე შევთავაზებთ გირაოსაც,"- ამბობს ადვოკატი. 

საქალაქო სასამართლოში ასევე სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნეკრესის" გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძეც იმყოფება, სადაც ლორთქიფანიძე მუშაობს. შავგულიძის თქმით, ბეჟან ლორთქიფანიძის ამ შენობაში ყოფნაც კი აბსურდია. 

"ბეჟან ლორთქიფანიძის ამ შენობაში ყოფნა თავისთავად არის დიდი აბსურდი და ფაქტი, რომელსაც ძალიან ძნელად ვიჯერებთ მისი ორგანიზაციის წევრები, თანამშრომლები, მეგობრები, ის ადამიანები, რომელთან ერთადაც ბეჟანს წლების განმავლობაში უმუშავია. ეს არის ერთი დიდი აბსურდი. ჩვენ ვართ ახლა ამ აბსურდის მომსწრენი, რომელიც დიდი იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად დამთავრდება. შევაგროვეთ მხარდაჭერის წერილები, ძალიან ბევრი ორგანიზაციისგან, შევაგროვეთ ხელმოწერები ძალიან ბევრი ადამიანისგან. ეს ხელმოწერები, ყველაფერი არის ჩაბარებული სასამართლოში და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამას სასამართლო გაითვალისწინებს,"- ამბობს შავგულიძე. 

საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 25 ივლისს 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს.

ის 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლორთქიფანიძის შესახებ აცხადებს, რომ ის "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

ბეჟან ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი ბეგი საიმობილიზაციო პრეპარატით უსაფრთხოდ დააძინა. National Geographic​-ში იმავე წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ლორთქიფანიძემდე ჰიპოპოტამს პრეპარატი რამდენჯერმე უშედეგოდ ესროლეს. 

კომენტარები