პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს

IPN

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების საჭიროება არ არსებობს, თუმცა თუ პროკურატურა პატიმრობას მაინც დააყენებს, თავად გირაოს მოითხოვს. 

"ჩვენი მხრიდან მოთხოვნა იქნება, რომ არანაირი საფუძველი ფაქტობრივიც და ფორმალურიც არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტს სასამართლო, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, შევთავაზებთ გირავნობას ან პირად თავდებობას. არათუ პატიმრობის, ზოგადად აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არ არსებობს, მითუმეტეს პატიმრობას გაცილებით დიდი დასაბუთება სჭირდება, რაც საქმეში არ არის,"- ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

"დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - აცხადებს შსს.

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები